აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

                                                                 

შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის

 

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

თავი 1

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.წინამდებარე წესი შემუშავებულია  შპს  წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი    (შემდგომში კოლეჯი), რომელიც შედგენილია ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული  პროგრამების (შემდგომში მოდულური პროგრამები) პროფესიულ სტუდენტთა სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, მიღებული  ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების  წესსა  და სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ  სხვა  პირობებს.

მუხლი 2.  პროგრამის ხელმძღვანელი

2.1. კოლეჯის მიერ განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამას   ჰყავს   პროგრამის    ხელმძღვანელი.

2.2. პროგრამის ხელმძღვანელი ახორციელებს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების საერთო ზედამხედველობას, მოდულების  ადაპტირებას, მასში ცვლილებების შეტანას და   სასწავლო კურსების (სილაბუსების)  მომზადების ორგანიზებას.

მუხლი  3. როფესიული განათლების  მასწავლებლები

3.1. სასწავლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის  კოლეჯს ჰყავს მოქმედი კანონმდებლობითა და  აკადემიის სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე საჭირო ოდენობის პროფესიული  განათლების მასწავლებლები;

3.2. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3.3. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

 

მუხლი 4. პროფესიული პროგრამები

კოლეჯი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

4.1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა–საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში,  სწავლები სმეთოდები და შეფასების ფორმები;

4.2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

4.3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი–დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი;

4.4. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე;

4.5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი  კვალიფიკაცია –პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;

4.6. პირს, რომელმაც არ/ვერ დაასრულა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა/დასრულებული მოდულების გავლის მოწმობა (სერტიფიკატი).

4.7. დასაშვებია სხვადასხვა მოდულის განხორციელების მიზნებისათვის ერთიდაიმავე სივრცის გამოყენება თუ ის თავსებადია სასწავლო გარემოს და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების თვალსაზღისით. ამ შემთხვევაში დასაშვების მაქსიმუმ ორ ცვლიანი მუშაობის რეჟიმი.

 

მუხლი 5.  საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

5.1. კოლეჯი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა დაწესებულების ფარგლებში სხვა მოდიფიცირებულ ან თავსებად, მომიჯნავე საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, უკვე მიღებული კრედიტების აღიარებით. ან/და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

5.2. თუ კოლეჯიში არ ხორციელდება გაუქმებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი, მომიჯნავე საგანმანათლებლო პროგრამა, აღნიშნული პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე, კოლეჯი ვალდებულია პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის ფარგლებში კრედიტების აღიარების თაობაზე გააფორმოს ხელშეკრულება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს გაუქმებულ ან მასთან თავსებად, მომიჯნავე პროგრამას სადაც შესაძლებელია გადავიდეს შეცვლილი/გაუქმებული პროგრამის პროფესიული სტუდენტი მობილობის წესით.

  1. 3. შეცვლილ/გაუქმებულ პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების კრედიტების აღიარებას ახდენს კრედიტების აღიარების კომისია (შემდგომში: კომისია), რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

ა) შეცვლილი/გაუქმებული და მოდიფიცირებულ ან თავსებად, მომიჯნავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და/ან მათ მიერ რეკომენდებული პირი/პირები;

ბ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

დ) ადმინისტრაციული პერსონალის სხვა წარმომადგენლები კოლეჯის დირექტორის გადაწყვეტილებით.

5.4.. თუ პროფესიულ სტუდენტს სურვილი არ აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოლეჯი უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამის მილევად რეჟიმში სწავლებას, ყველა მსურველის გადაყვანის პროცესის დასრულებამდე.

 

მუხლი 6. პროფესიული სტუდენტი.

  1. პროფესიული სტუდენტიარის პირი, რომელიც ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კოლეჯის დებულებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კოლეჯში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
  2. კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების სრული/საბაზო საფეხური.
  3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე.
  4. კოლეჯის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით.
  5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკაშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პირობები

  1. პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურა ეფუძნება სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
  2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით. ბრძანებით განისაზღვრება ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი (იხ. შრომის შინაგანაწესი მუხლი 24.) და მიღების ვადა.
  3. დირექტორის ბრძანება საჯაროდ ქვეყნდება  კოლეჯის  ვებ-გვერდზე.
  4. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები დაწესებულებას აქტის გამოცემიდან მყისერად 1ვადაში შეაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

 

მუხლი 8. პროფესიული სტუდენტის რეგისტრაცია

 

8.1.  პროფესიულ პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობა განსაზღვრულია კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით.

8.2. სასწავლო წლის დაწყებამდე დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლების დაწყების,  სააუდიტორიო მეცადინეობების, საგამოცდო პერიოდის და სწავლების დამთავრების  ვადებს.

8.3. პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს კოლეჯის რეესტრში და  სარეგისტრაციო ჟურნალში, (სარეგისტრაციო ჟურნალი შეიძლება იყოს ელექტრონული ფორმის). ჟურნალში შეიტანება სტუდენტის პირადი მონაცემები;

8.4. რეგისტრაციის  ვადებს განსაზღრავს კოლეჯის დირექტორი  შესაბამისი ბრძანებით.

8.5. რეგისტრაციის გასავლელად პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

ა) გააფორმოს კოლეჯთან სასწავლო ხელშეკრულება;

ბ) დააფიქსიროს  სწავლის საფასურის პირველი შენატანი;

8.6.სასწავლო კურსის შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

8.7. პროფესიული სტუდენტის მიერ კოლეჯში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროფესიულ სტუდენტს (ან კანონიერ წარმომადგენელს).

8.8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს დირექტორის ბრძანებით.

8.9. პროფესიული სტუდენტისათვის მისანჭებელი სპეციალური ნომერი ფორმულირდება შემდეგნაირად: ლათინური ასოთი აღინიშნება საფეხური, ნომრის პირველი ორი ციფრით აღინიშნება ჩარიცხვის წლის ბოლო ორი ციფრი, მომდევნო სამი ციფრით აღინიშნება სტუდენტის პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი.

 

მუხლი 9. სასწავლო ხელშეკრულება კოლეჯსა და პროფესიულ სტუდენტს შორის

9.1. პროფესიული სტუდენტის სასწავლო ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ აუცილებელ რეკვიზიტებს:

ა) კოლეჯის დასახელება და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

გ) საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, რომელზეც ჩარიცხულია პროფესიული სტუდენტი.

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური და მისი დაფარვის წესი;

ე) მხარეთა ურთიერთმოვალეობები და პასუხისმგებლობა მათი შეუსრულებლობისათვის;

ვ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი და ვადა;

ზ) მხარეთა ან მათი კანონიერი წარმომადგენლების ხელმოწერები.

9.2. ხელშეკრულებას ხელს აწერს  კოლეჯის დირექტორი ერთი მხრიდან და პროფესიული სტუდენტი, ან მისი არასრულწლოვანობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი – მეორე მხრიდან.

9.3. ხელშეკრულების შედგენა ხდება იდენტურ, ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად. ხელშეკრულების დადებისას ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს ან არასრულწლოვანობის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს,   ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება პროფესიული სტუდენტის  პირად საქმეში.

 

მუხლი 10. პროფესიულ სტუდენტთა მობილობა.

10.1. კოლეჯში პროფესიული სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით და კოლეჯიში მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით.

10.2. მობილობა არის პროფესიულ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც კოლეჯის ფარგლებში (შიდა მობილობა), ისე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარე მობილობა), ან უცხოეთში, რასაც თან სდევს მიღებული კრედიტების აღიარება. კოლეჯის ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის გადასვლის (შემდგომში – „შიდა მობილობა“) ადმინისტრირებას ახორციელებს კოლეჯი. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება პროფესიულ სტუდენტს  წარმოეშობა საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე სწავლების დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.

10.3.მობილობა (შიდა და გარე) დასაშვებია მხოლოდ ერთი და იგივე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს  შორის.

10.4. გარე მობილობის  შემთხვევაში მოწმდება  მიმღებ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა.

10.5. მობილობით გადმოსვლის  მსურველმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს  ცნობა შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მიღწეული  სწავლის შედეგების შესახებ.

10.6. სხვა დაწესებულებაში  მობილობით  გადასვლის მსურველს  აკადემია შეუზღუდავად  უზრუნველყოფს  პირადი  საქმის ასლებით.

10.7.  მობილობით ჩარიცხვის თაობაზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.

 

მუხლი 11.სწავლის პერიოდში  მიღებული განათლების აღიარება

11.1. საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  მიღებული  კრედიტების ჩათვლა ხორციელდება  დაწესებულების  ხარისხის უზრუნველყოფის  მენეჯერის  და  შესაბამისი  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის  მიერ, მიღებული ცოდნის, უნარებისა  და  ფასეულობების  პროფესიულ  საგანმანათლებლო  სტანდარტთან  და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის გზით.

11.2.    თუ    პროგრამის    უკვე    ათვისებული    კომპონენტის    სახელწოდება    მცირედით

განსხვავდება  დაწესებულების  პროფესიული  საგანმანათლბელო  პროგრამის კომპონენტისაგან, თუმცა შინაარსობრივად, ასათვისებელი კვალიფიკაციების მიხედვით იდენტური ან თითქმის იდენტურია, ის შეიძლება იქნას აღიარებული დაწესებულების მიერ.

11.3. მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დებულებით, დარეგულირდეს დირექტორის ბრძანებით.

 

მუხლი 12. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება

12.1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება ხდება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ სპეციალური წესის საფუძველზე.

12.2. არაფორმალურ პროფესიულ განათლებად ითვლება პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;

12.3.არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებისა და შესაბამისი დარგის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ კომპეტენციებთან მისი შედარების გზით შესაძლებელია არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება.

12.4.  არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია  მხოლოდ I-III საფეხურების ფარგლებში. არაფორმალური  გზით  მიღებული  პროფესიული  განათლების  აღიარება  დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულირებადი პროფესიების ყველა საფეხურზე.

12.5. კოლეჯში არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებას ახდენს კოლეჯის დირექტორის ბრძანებით შექმნილი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისია.

12.6. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველმა დაწესებულებას უნდა წარმოუდგინოს:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას არაფორმალურიგზით მიღებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროფესიით პრაქტიკული მუშაობის ვადის, განხორციელებული საქმიანობის ან/და არსებული კომპეტენციების შესახებ (ცნობა, სერტიფიკატიდა ა.შ.).

დ) არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის ოდენობა განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;

ე) ამ დოკუმენტების გარდა, კომისიას უფლება აქვს, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველს მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესამოწმებლად.

12.7.. განცხადების განხილვის პროცედურის ეტაპებია:

ა) ამ წესის მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული  დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება;

ბ) არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ჩათვლა;

გ) გამოცდის ორგანიზება;

დ) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

12.8. კომისია ამოწმებს განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას გამოცდის ჩატარების შესახებ, რომელშიც აღინიშნება ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომელთა ფლობაც დადასტურდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და კომპეტენციები, რომლებიც უნდა შემოწმდეს გამოცდით.

12.9.  წარდგენილი დოკუმენტაციისა და გამოცდის შედეგების გათვალისწინებით, დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას არაფორმალური განათლების აღიარების, ნაწილობრივ აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

12.10. არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოიცავს:

ა) დაწესებულების დასახელებას;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს;

დ) არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის თაობაზე, პროფესიული განათლების რომელ საფეხურს ან მის ნაწილს შეესაბამება განმცხადებლის კომპეტენციები, ხოლო არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში– მითითებას შესაბამისი კომპეტენციების არ არსებობის შესახებ და შესაბამის დასაბუთებას;

ე) ცალკეული კომპონენტების შეფასებებს;

ვ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას.

12.11. ცალკეული კომპონენტები უნდა შეფასდეს  პროფესიული სტუდენტებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად;

12.12. განცხადების განხილვისა დ აგადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1თვეს.

12.13. გადაწყვეტილებას ხელს აწერს  დირექტორი და მისი მიღებიდან 1 სამუშაო  დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას  ასახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.  დაწესებულება უფლებამოსილია გადაწყვეტილებასთან ერთად გასცეს აღიარების სერთიფიკატი, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს დირექტორი.

12.14. გამოცდის ჩატარების პროცედურა

ა)არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მიზნით გამოცდა ინიშნება აღიარების შესახებ განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა;

ბ) გამოცდის ჩატარების ადგილის, დღისა და საათის, ასევე გამოცდით შესამოწმებელი კომპეტენციების შესახებ აღიარების მსურველს უნდა ეცნობოს გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღით ადრე;

გ) აღიარების მსურველს (აპლიკანტს) უფლება აქვს მოითხოვოს წინა საგამოცდო კონსულტაცია;

დ) გამოცდას ატარებს აღიარების კომისია;

ე) გამოცდა შეიძლება შედგებოდეს თეორიული ცოდნის შემოწმებისა და პრაქტიკული უნარების დემონსტრირებისაგან;

ვ) აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს გამოცდაზე და თან იქონიოს პირადობის მოწმობა/პასპორტი;

ზ)  გამოცდაზე დროულად გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით თუ არა.

ი) დაუშვებელია დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა კომისიის მიერ  შეთავაზებული ნივთებისა;

კ) კომისიის წევრებს ეკრძალებათ გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა;

ლ) გამოცდის ფორმა განისაზღვროს ტესტის სახით.

მ) ტესტის გარეკანზე უნდა მიეთითოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საფეხური და თარიღი.

ნ) ტესტში სწორი პასუხი უნდა შემოიხაზოს. ორი ან მეტი პასუხის შემოხაზვის შემთხვევაში პასუხი ანულირდება და ქულა დაითვლება კითხვების საერთო რაოდენობიდან.

ო) ტესტის შემოწმება მოხდება გამოცდის დასრულებისთანავე და შედეგები განთვსდება დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

პ)  თითოეულ ტესტს დაეთმობა არაუმეტეს 90 წუთისა.

ჟ) გამოცდის შედეგები ფორმდება საგამოცდო კომისიის ოქმით, სადაც მიეთითება ის კომპეტენციები, რისი ფლობაც დადასტურდა, ასევე რისი ფლობაც ვერ დადასტურდა გამოცდით და შეფასება, რასაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

რ) უწყისი თან დაერთვის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისათვის გამოყენებულ დოკუმენტაციას.

ს) არაფორმალური პროფესიულიგანათლების აღიარების მიზნით განმეორებითი გამოცდა არ ინიშნება.

 

მუხლი 13. პროფესიული სტუდენტის სტატუსი და უფლებები

13.1. პირს კოლეჯის პროფესიული სტუდენტის სტატუსი ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და კოლეჯის დებულების საფუძველზე.

13.2. პროფესიული სტუდენტის სტატუსი პირს უფლებას აძლევს ისარგებლოს მათთვის განსაზღვრული უფლებებით.

13.3. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში;

ბ) ისარგებლოს  კოლეჯის  მატერიალურ-ტექნიკური ბაზითსაბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) მიიღოს კოლეჯის ადმინისტრაციისგან ამომწურავი ინფორმაცია თავისი უფლებების,   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კოლეჯის  სხვა რესურსების შესახებ;

დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;

ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;

ვ) მიიღოს მონაწილეობა კოლეჯის მიერ განხორციელებულ სასწავლო პროცესის, საწავლო პერსონალისა და ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობის შეფასებაში;

ზ) საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ ძირითად ვადებში შეფასების გაუმჯობესების მიზნით  სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ფარგლებში განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს სასწავლო კურსის შეფასებად უფიქსირდება უკეთესი შედეგი;

თ) კოლეჯის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება გაასა­ჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი)  თავისუფლად  გამოხატოს  საკუთარი  აზრი  და   უარი  თქვას  იმ  იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

კ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებისა და კოლეჯიში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი კოლეჯის მმართველობაშიმონაწილეობის მისაღებად.

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) ისარგებლოს შიდა და გარე მობილობის უფლებით;

ნ) მოსთხოვოს კოლეჯის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტებით, პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ო) მოითხოვოს პირადი ინფორმაციის, საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის, დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებით;

13.4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის უფლებების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ იგი ხელს უშლის სასწავლო პროცესის, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან მიმართულია ამ დებულებით დადგენილი კოლეჯის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.

 

მუხლი 14. პროფესიული სტუდენტის ვალდებულებები

14.1. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

ა) ისწავლოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული აუცილებელი სასწავლო კურსები/მოდულები და დააგროვოს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების საჭირო რაოდენობა;

ბ) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იცოდეს თავისი უფლებები და ვალდებულებები, გაეცნოს დაწესებულების სამართლებრივ აქტებს;

გ) დაიცვას კოლეჯის  შინაგანაწესით და კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესები;

დ) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ე) დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, სხვა პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები, გაითვალისწინოს და შეასრულოს სხვათა სამართლიანი მოთხოვნები, შენიშვნები, მითითებები;

ვ) წარმატების მისაღწევად ისარგებლოს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპით, არ დაუშვას პლაგიატი;

ზ) გაუფრთხილდეს სასწავლო ინვენტარსა და კოლეჯის სხვა ქონებას;

თ) თავისი ქმედებით არ შებღალოს კოლეჯის რეპუტაცია;

ი) პატივი სცეს სხვა პროფესიული სტუდენტის ღირსებას, არ დაუშვას მისი დაჩაგვრა ან ძალმომრეობითი ქმედება მათ მიმართ;

კ) დროულად აცნობოს კოლეჯის ადმინისტრაციას მისამართის ან სხვა პირადი მონაცემის ცვლილების შესახებ.

14.2. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის უფლებების შეზღუდვა, თუ იგი არ  ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ დებულებით დადგენილი კოლეჯის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.

 

 

მუხლი 15. დისციპლინური წარმოება პროფესიული სტუდენტის მიმართ

15.1. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის,“პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, კოლეჯის შინაგანაწესის ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, სამართლიანი პროცედურის გზით.

15.2. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს პროფესიული სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა კოლეჯში მოქმედი სამართლებრი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კოლეჯის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

15.3. ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის განხორციელების შესახებ არ შეიძლება ცნობილი გახდეს მესამე პირებისათვის პროფესიული სტუდენტის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15.4. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს კოლეჯის დირექტორის მიერ შექმნილი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადამწყვეტი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შედგება მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებისგან.

15.5. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს კოლეჯის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

15.6. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის სამართლებრივი აქტების დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

15.7. პროფესიული სტუდენტის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მკაცრი საყვედური;

ე) მატერიალური სახდელის შეფარდება;

ვ) პრობაციის რეჟიმზე გადაყვანა;

ზ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

თ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

15.8. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს კოლეჯის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 16. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

16.1. კოლეჯის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს კოლეჯს განცხადებით, მისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა, მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და პროფესიული სტუდენტის სხვა უფლება- მოვალეობებისგან დროებით განთავისუფლების თაობაზე.

16.2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  საფუძვლის  გარდა  პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

) სასწავლო რეგისტრაციის გაუვლელობა

ბ) ხანგრძლივი ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის გაუარესება;

გ) უცხო ქვეყანაში სწავლა;

დ) ფინანსური დავალიანება;

ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ვ) აკადემიური შვებულება.

ზ) აკდემიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა.

თ) პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კოლეჯის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;

16.3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, კოლეჯი და პროფესიული სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთ სანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან.

16.4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუ კი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები, რაც გახდა პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.

16.5.დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ვადით. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების და დგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

16.6.იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის გაუქმებულია ან შეცვლილია პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამით ან მობილობით გადავიდეს  სხვა  დაწესებულებაში,   კანონმდებლობით  დადგენილი  წესითა  და   კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

16.7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ფორმდება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტით.შესაბამისი ცვლილებები დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 1 (ერთი) დღის ვადაში აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

16.8. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 17. როფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტა

17.1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) კოლეჯიში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;

გ) პირადი განცხადება;

) საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნის მიუღწევლობა მოუსწრებლობის (აკადემიური ჩამორჩენილობის) გამო, კერძოდ თუ პროფესიული სტუდენტი (F) შეფასების შემდეგაც ვერ ჩააბარებს სასწავლო კურსს/მოდულს როგორც დასკვნით ისე დამატებით გამოცდაზე;

) კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პროფესიული სტუდენტის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;

ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადამწყვეტი დამოუკიდებელი კომისიის მიერ პროფესიული სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კოლეჯის შრომის შინაგანაწესისა და მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე;

ზ) გარდაცვალება.

17.2.  კოლეჯი ვალდებულია პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ, მოისმინოს მისი პოზიცია, მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის საშუალება.

17.3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწვეტა ფორმდება კოლეჯის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით.

17.4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს მათთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ათავისუფლებს კოლეჯს გასცეს პროფესიული სტუდენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, ხოლო სტუდენტს განვლილი კურსის სწავლის საფასურის გადახდისაგან.

17.5.გადაწყვეტილება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17.6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

17.7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 18. მოდულური პროგრამების ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის და საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის პროფესიული სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფა.

18.1. მოდულური პროგრამების ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება, შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, მობილობა და საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში  პროფესიული სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფა განხორციელდეს დადგენილი წესის შესაბამისად.

18.2. მოდულური პროგრამის  ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება დარეგულირდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტია საფუძველზე;

 

 

 

მუხლი19. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

19.1. პროფესიული სტუდენტის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს უცხოეთში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და მათი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

19.2. დირექტორის სახელზე განაცხადის გაკეთების პარალელურად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა მიმართოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით.

 

მუხლი 20. სწავლის საფასური

20.1. კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასური განისაზღვრება დირექტორის სამართლებრივი აქტით.

20.2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური.

20.3. თუ არსებობს შეღავათიანი ტარიფით გაფორმებული ხელშეკრულება, პროფესიულ სტუდენტს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში უნარჩუნდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის ოდენობა.

20.4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება კოლეჯისა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფით.

 

მუხლი 21. კვალიფიკაციის მინიჭება

21.1.  კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ხდება კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტით სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით.

 

მუხლი 22. დიპლომი/მოწმობა/სერტიფიკატი

  1. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულზე გაიცემა კოლეჯის დირექტორისა ხელმოწერილი და კოლეჯის ბეჭდით დამოწმებული პროფესიული დიპლომი შესაბამისი კვალიფიკაციით.
  2. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
  3. კოლეჯის მოკლევადიანი კურსების გავლის შემდეგ გაიცემა სათანადოდ დამოწმებული კოლეჯის სერტიფიკატი.

 

 

 

თავი 2

 

პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი

 

პროფესიული  სააგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტის დატვირთვა და შეფასება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი შემუშავებულია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №121/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“ გათვალისწინებით. წინამდებარე წესი ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების სისტემას.

მუხლი 2. კრედიტებისგანაწილება

2.1. კრედიტი გამოხატავს ცალკეული სასწავლო კურსით/მოდულით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ასათვისებლად პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას (დატვირთვას).

2.2. კრედიტების განაწილება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებს/მოდულებს შორის. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საერთო დატვირთვა მოიცავს თეორიის და პრაქტიკის კომპონენტს. პრაქტიკის კომპონენტი არის საერთო დატვირთვის არანაკლებ 40%.

2.3. კრედიტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებს შორის უნდა იძლეოდეს სასწავლო კურსით/მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგის მიღწევის შესაძლებლობას.

 

მუხლი 3.  პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა)

3.1. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25  ასტრონომიული საათის განმავლობაში.

3.2. კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა უნდა მოიცავდეს:

ა)  თეორიის კომპონენტის ფარგლებში

  • ლექციაზედასწრებას/სამუშაოჯგუფშიმუშაობას;
  • დამოუკიდებელმეცადინეობას;
  • გამოცდებისმომზადება-ჩაბარებას.

ბ) პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში

  • პრაქტიკულმეცადინეობას;
  • გამოცდისჩაბარებას.

მუხლი  4. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება

4.1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის წინებულიერთ-ერთიდადებითიშეფასებით.

4.2. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% დანაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

4.3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

4.4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შუალედურ შეფასებას;

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

მუხლი 5. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება (მოდულური პროგრამებისათვის)

5.1.შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

5.2.განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

5.3. განმავითარებელი შეფასება არ აისახება განმსაზღვრელ შეფასებაში;

5.4. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

5.9. შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.

5.10.  შეფასების შედეგი ფორმდება შეფასების უწყისით

 

მუხლი 6. საწარმოო  პრაქტიკის შესრულება და შეფასება

6.1.ტერმინთა განმარტება

6.1.1. პრაქტიკის ხელმძღვანელი  –  კოლეჯის წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტული სპეციალობისათვის შეიმუშავებს პრაქტიკის სასწავლო პროგრამას (სილაბუსს), ამზადებს პროფესიულ სტუდენტებს სილაბუსის შესაბამისად, ეხმარება მათ პრაქტიკის წარმართვაში და აგრეთვე ახორციელებს პრაქტიკის ადგილზე ვიზიტებს.

6.1.2. სწავლის შედეგი – სწავლის შედეგები არის განაცხადი პროფესიული სტუდენტის მოლოდინის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს, ესმოდეს და ან რისი დემონსტრირება უნდა შეეძლოს სწავლის დასრულების შემდეგ.

6.1.3. კომპეტენციები   –    ცოდნის,    გაცნობიერების,   უნარების, შესაძლებლობების და ღირებულებების ერთობლიობა, რომლებიც პროფესიულ სტუდენტს გამოუმუშავდება პრაქტიკის შედეგად.

6.1.4. პრაქტიკა – სასწავლო პროცესის ნაწილი პროფილურ ორგანიზაციაში, რომლის სწავლის შედეგები წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების ინტეგრალურ ნაწილს.

6.1.5. პრაქტიკის ობიექტი  -საწარმო/ორგანიზაცია,  მიუხედავად ორგანიზაციული ფორმისა, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკის განხორციელების შესაძლებლობას.

6.1.6. მენტორი – პირი, რომელიც დანიშნულია საწარმოს მხრიდან და პასუხისმგებელია საწარმოში სტუდენტთა პროფესიულ სტუდენტთა ზედამხედველობაზე.

6.2. პრაქტიკა არის სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი, პრაქტიკის განხორციელებაში ჩართულია სამი მხარე: კოლეჯი, პროფესიული სტუდენტი და დამსაქმებელი,  იგი სამივე მხარისათვის სასარგებლოა.

სარგებელი პროფესიული სტუდენტებისათვის:

  • პროფესიული ცოდნის განვითარება;
  • სამუშაო ადგილისათვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების განვითარება;
  • ტრანსფერული უნარების განვითარება (კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემის გადაჭრა);
  • მეტი ინფორმაცია კარიერისა და კარიერული გზის შესახებ;
  • გაზრდილი თავდაჯერებულობა და მოტივაცია;
  • კარიერის მართვის უნარების განვითარება;
  • პირველი სამუშაო გამოცდილება, რომელიც დაეხმარება შრომის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში.

სარგებელი დამსაქმებლისათვის:

  • კვალიფიცირებული თანამშრომლები;
  • დადებითი გავლენა თანამშრომლების მოძიებასა და შენარჩუნებაზე;
  • გაზრდილი პროდუქტულობა და შესრულებული სამუშაო ხარისხი;
  • პროფესიული განათლების ერთობლივი მართვა;

სარგებელი  კოლეჯისათვის:

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმზიდველობის გაზრდა;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლის შედეგების გაუმჯობესებული ხარისხი;
  • პროფესიული განათლების შესაბამისობის და რეაგირების გაუმჯობესება;
  • გაუმჯობესებული თანამშრომლობა კოლეჯსა და ბიზნესს შორის.

6.3. საწარმოო პრაქტიკის სრულყოფილად განსახორციელებლად კოლეჯმა  წინასწარ უნდა შეათანხმოს პრაქტიკის ობიექტთან  საწარმოო პრაქტიკის ორგანიზება. ამისათვის:

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია პრაქტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე, წერილობით უკავშირდება შესაბამისი სფეროს დამსაქმებელს 30 დღით ადრე საწარმოო პრაქტიკის დასაგეგმად და აცნობებს:
  • სამუშაო ადგილზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობას
  • საწარმოო პრაქტიკის სასურველ ხანგრძლივობას
  • დღიურად/სულ სამუშაო საათების რაოდენობას
  • საწარმოო პრაქტიკის დაწყების თარიღს.
  • სილაბუსს
  • კოლეჯის წარმომადგენელი  (პრაქტიკის ხელმძღვანელი) პრაქტიკის დაწყების დღეს მიაცილებს პროფესიულ სტუდენტებს სამუშაო ადგილზე და მენტორს წარუდგენს პრაქტიკის მიზნებსა და შინაარს.  პრაქტიკის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა დროულ გამოცხადებაზე და გარეგნობის/ჩაცმულობის სტანდარტების შესაბამისობაზე პრაქტიკის ობიექტის მოთხოვნებთან.
  • პრაქტიკის დაწყების დღეს მენტორი შეხვდება ყველა პროფესიულ სტუდენტს და მიაწვდის მათ შემდეგ ინფორმაციას:
  • სამუშაო ადგილზე მისვლის და წამოსვლის დრო;
  • დღის განმავლობაში პრაქტიკის საათების რაოდენობა;
  • განყოფილებებში სავარაუდო განაწილება და სათანადო პროფესიების მიხედვით პრაქტიკა;
  • საწარმოო პრაქტიკის დღეების ხანგრძლივობა;
  • პრაქტიკის ობიექტის შიდა წესების გაცნობა.

თითოეული პროფესიული სტუდენტი პრაქტიკის ობიექტის ტერიტორიაზე ყოფნისას უნდა დაემორჩილოს სამუშაო ადგილზე მოქმედ შიდა რეგულაციას და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

  • მენტორთან ერთად, პრაქტიკის ხელმძღვანელმა რეგულარულად უნდა განახორციელოს საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობის მონიტორინგი, რათა დაზუსტდეს, რომ პრაქტიკის ობიექტი პროფესიულ სტუდენტებს ამუშავებს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და არ იყენებს მათ, როგორც იაფ მუშახელს.
  • საწარმოო პრაქტიკის დასრულებისას, მენტორი, პრაქტიკის ხელმძღვანელი და კოლეჯის წარმომადგენელი ხვდებიან პრაქტიკული სწავლების შედეგების განსახილველად და შეფასების ფორმების გასაცვლელად; ასევე იმ პრობლემების ან საკითხების განსახილველად, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს/ გამოსწორდეს სამომავლოდ.
  • მოტივაციის ამაღლების მიზნით კოლეჯი დამსაქმებლებთან ერთად მოაწყობს დაჯილდოების პროცედურას წარმატებული პროფესიული სტუდენტებისათვის. ეს შეიძლება იყოს წარმატების სერტიფიკატი ან მომავალში დასაქმების შესაძლებლობა ან ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამას და სამუშაო ადგილზე სწავლების წარმატებულად და ნაყოფიერად გაგრძელებას.

 

6.4. დღიურის წარმოება

6.4.1. პროფესიული სტუდენტი, რომელიც იმყოფება პრაქტიკაზე, ვალდებულია აწარმოოს კოლეჯის მიერ შემუშავებული დღიური.

6.4.2.  დღიურის შევსება წარმოებს რეგულარულად.

6.4.3. პერიოდულად,  არანაკლებ კვირაში ერთხელ,  პროფესიული სტუდენტი ვალდებულია წარუდგინოს დღიური პრაქტიკის ხელმძღვანელს და მენტორს.

6.4.4. დღიურში ჩანაწერები უნდა წარმოებდეს სილაბუსის მიხედვით.

6.4.5. პრაქტიკის დამთავრების წინ პროფესიული სტუდენტი ვალდებულია წარუდგინოს მენტორს დღიური, რის შემდეგაც უნდა მიიღოს დახასიათება პრაქტიკის პერიოდში გაწეული მუშაობის საფუძველზე.

6.4.6. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მენტორი თითოეულ პროფესიულ სტუდენტზე ადგენს დახასიათებას, რომელშიც აღწერილია პროფესიული სტუდენტის მიერ პრაქტიკის პროცესში გამოვლენილი უნარ-ჩვევები, გარდა ამისა, დახასიათებაში სასურველია იმ კომპეტენციების ჩამოთვლა, რომელიც მენტორის აზრით, პროფესიულ სტუდენტს ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს ჩამოყალიბებული.

6.4.7. დახასიათება დამოწმებული უნდა იყოს მენტორის ხელმოწერით და პრაქტიკის ობიექტის ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

6.4.8. პრაქტიკის დამთავრების შემდეგ პროფესიული სტუდენტი ვალდებულია ჩააბაროს პრაქტიკის დღიური და დახასიათება აკადემიიდან დანიშნულ პრაქტიკის ხელმძღვანელს.

საწარმოო პრაქტიკის კომპონენტისათვის გამოყოფილი ყველა საათი საკონტაქტოა, საწარმოო პრაქტიკის შეფასება მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებას და  დეტალურად გაწერილია საწარმოო პრაქტიკის სილაბუსში.

6.5. სასწავლო პრაქტიკა როგორც წესი ხორციელდება  კოლეჯის ბაზაზე არსებულ გარემოში, სასწავლო პრაქტიკას ხელმძღვანელობს პრაქტიკის ხელმძღვანელი (კოლეჯის წარმომადგენელი), რომელიც პასუხისმგებელია სასწავლო პრაქტიკის სილაბუსების განხორციელებაზე;

სასწავლო პრაქტიკის კომპონენტისათვის გამოყოფილი ყველა საათი საკონტაქტოა, სასწავლო პრაქტიკის შეფასება მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებას და  დეტალურად გაწერილია სასწავლო პრაქტიკის სილაბუსში.